ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ დროა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოში ჩასასმელად შესაბამისი ნაბიჯი გადადგას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის ჯო ბაიდენის მიმართ პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელმომწერთა ნაწილი მკვლელებს და მოძალადეებს იცავს.
"ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან.
დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 29 ნოემბერს მიმართეს და სთხოვეს, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.